Home ჩხოროწყუს ძველი ისტორიებისპორტის მატიანე ნუგზარ ჟვანია -ჩხოროწყუში სპორტული ჟურნალისტიკის შესახებ

ნუგზარ ჟვანია -ჩხოროწყუში სპორტული ჟურნალისტიკის შესახებ

by chkhorotskuge

სპორტულმა ჟურნალისტიკამ ბევრი საინტერესო ფაქტი შემოგვინახა, რომელსაც ჩვენი რაიონის დაარსების დღიდან ჩაეყარა საფუძველი.

პირველი რაიონული გაზეთი ,,ბოლშევიკური ტემპით” გამოვიდა 1933 წლის მიწურულს,

მაგრამ სპორტული ინფორმაციები დასაწყისიდან არ გაშუქებულა. იგი მოგვიანებით გამოჩნდა. ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობით მუზეუმში დაცულია იმ წლებში გამოცემული რამდენიმე ნომერი, რომელიც მწირ ინფორმაციას გვაძლევს.

ნუგზარ ჟვანია

 

საქმე იმაში გახლავთ, რომ გაზეთი შეფერხებებით გამოდიოდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უქონლობის გამო. რაც გამოვიდა ის ნომრებიც არ არის შემორჩენილი, ამდენად ბუნდოვანია რაიონის დაარსების პირველ წლებში რა სპორტული მუშაობა ტარდებოდა. პირველი ინფორმაცია 1935 წლით თარიღდება, რომელიც ისე დახვეწილად არის დაწერილი, რომ ეტყობა, მსგავსი ინფორმაციები ადრეც ბევრია გამოქვეყნებული, უბრალოდ ჩვენ ვერ მიგვიწვდა ხელი. შემოგთავაზებთ რამდენიმე ინფორმაციას, რაც წარმოაჩენს იმ წლების სპორტულ საქმიანობას. დასკვნა თავად გააკეთეთ:

ამხანაგური თამაში ფეხბურთში პირველ მაისს ჩხოროწყუს მოედანზე გაიმართა ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში ლესიჭინელ და ხაბუმელ ფეხბურთელებს შორის, რომელიც ფრედ დამთავრდა. ფეხბურთელებმა ორი ტაიმი ითამაშეს და თითო ბურთი გაიტანეს. შეხვდრა კარგად დამთავრდებოდა რამდენიმე მთვრალს რომ არ შეეშალა ხელი. ისინი მილიციამ წაიყვანა. სხვა სოფლის გუნდების შეხვედრები დაგეგმილია ყოველი კვირის ბოლოს.

1935 წელი, 7 მაისი. გაზ. ,,ბოლშევილური ტემპით”

(ავტორი არ უწერია)

ამხანაგური შეჯიბრება ფრენბურთში

საქ. ალკკ ჩხოროწყუს რაიკომის ინიციატივით ახალგაზრდობის მე- 22 (სტილი დაცულია) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქ. ცხაკაიაში 30 აგვისტოს მოეწყო ჩხოროწყუს და ცხაკაიის რაიონების ფიზკულტურელთა ამხანაგური შეჯიბრი ფრენბურთში. შეჯიბრი დაიწყო საღამოს 6 საათზე პედ ტექნიკუმის ეზოში. ჩხოროწყუს ფრენბურთელებმა თავიდანვე დაიწყეს გაცხოველებული თამაში და დამთავრდა 3:0 ჩხოროწყუელების

სასარგებლოდ. (პირველი პარტიის პირველი თამაში დამთავრდა 15:9, მეორე—

15:8 და მესამე —15:7 ჩხოროწყუს გუნდის სასარგებლოდ). საუკეთესოდ თამაშობდნენ გამარჯვებული გუნდიდან ამხანაგები: გრიშა ახალაია,

ს. კვირკველია, კოლია ქვარცხავა, მ. საბახტარიშვილი, ტ. სორდია, შ. ჩარგაზია

და სხვა. ამ გამარჯვებამ გუნდს უნდა მისცეს სტიმული შემდგომი

მუშაობის გასაშლელად.

(გაზეთი ,,ბოლშევიკური ტემპით” 1936 წ. 6 სექტემბერი,

ავტორი არ უწერია).

ფ ი ზ კ უ ლ ტ უ რ უ ლ დ ღ ე ს ა ს წ ა უ ლ ზ ე

ა. წ. 18 ივლისს, ფიზკულტურის საკავშირო დღეს, ჩხოროწყუში ეწყობა კომკავშირის რაიკომის და ფიზკულტურის კომიტეტის მიერ რაიონის ცენტრში ლაშქრობა გადასვლით, ველო გადარბენა, ცხენის მარულა, ფეხბურთი და ფრენბურთში შეჯიბრება. (,,სტალინის დრშით”1937 წ. 12 ივლისი,

ავტორი არ უწერია).

ვ ე ლ ო შ ე ჯ ი ბ რ ე ბ ა

7 მაისს რაიონის ცენტრში ჩატარდა ველო შეჯიბრება. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო 14 ველოსიპედისტმა. შეჯიბრებაში პირველი ჯილდო მიიღო კოსტა პაპავამ (ქვედა ჩხოროწყუ), მეორე ჯილდო – აბესალომ შენგელიამ (ხაბუმე) და მესამე ჯილდო – გრიშა კვაშილავამ (ჩაის ფაბრიკა).

ველოშეჯიბრებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მაყურებლებში. (,,სტალინის

დროშით” 1938 წ. 14 მაისი, ავტორი არ უწერია).

შ ე ჯ ი ბ რ ე ბ ა რ ა ი ო ნ ი ს პ ი რ ვ ე ლ ო ბ ა ზ ე

ფრენბურთი

მიმდინარე წლის 30 ივნისს, 1-ლ და 4 ივლისს ჩატარდა შეჯიბრება ფრენბურთელთა გუნდებს შორის რაიონის პირველობაზე. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს: ჩხოროწყუს საშ. სკოლის, ჩხოროწყუს პედსასწავლებლის, ხაბუმის ჩ. ტექნიკუმის, მუხურის კირცხის, ჭოღის და ნაფიჩხოვოს საშ. სკოლების, სოფ. ხაბუმის ამხანაგ ბერიას სახ. კოლმეურნეობის, ლესიჭინის ჩ.ს. მეურნეობის და ჩხოროწყუს ჩაის ფაბრიკის გუნდებმა.

შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა ს. ხაბუმის ამხანაგ ბერიას სახ. კოლმეურნეობის გუნდმა. სასკოლო გუნდებს შორის ჩხოროწყუს საშ. სკოლამ, მეორე ადგილი—პედსასწავლებლის გუნდმა.

ფრენბურთელებს შორის საუკეთესოდ თამაშობდნენ ვ. შენგელია (ხაბუმის ბერიას სახ. კოლმეურნეობა), ვლ. ვეკუა (ჩხოროწყუს საშ. სკოლა). იპ. მოლაშხია (პედსასწავლებელი), კ. ესართია (ხაბუმის ჩ. ტექნიკუმი), თ. ლემონჯავა (მუხურის საშ. სკოლა)

ფეხბურთი

30 ივნისს და 1 ივლისს ჩატარდა ფეხბურთელთა გუნდებს შორის შეჯიბრება. ჩხოროწყუს მოსამსახურეთა და ჩ. ფაბრიკის გუნდებს შორის შეჯიბრება დამთავრდა ჩ. ფაბრიკის გუნდის სასარგებლოდ ანგარიშით 1:0. ჩ. ტექნიკუმისა და ჩ. ფაბრიკის გუნდებს შორის შეჯიბრება დამთავრდა ფრედ 1:1. (,,სტალინის დროშით” 1939 წ. 12 ივლისი. ავტორი არ უწერია)

ზემოთ მოყვანილი ინფორმაციები საკმარისია იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ, თუ როგორი იყო სპორტული საქმიანობა იმ წლებში, როცა

რაიონი ახალდაფუძნებული იყო, თანაც ქვეყანაში ყველაზე მეტად ჭირდა. რაიონულმა გაზეთმა როგორც კი ფეხი მოიკიდა და პერიოდულად დაიწყო გამოსვლა, მის ფურცლებზე დაიხვეწა სპორტული ინფორმაციების გაშუქება. გაჩნდნენ კორესპოდენტები, რომლებიც წერდნენ სპორტულ თემაზე. ეს უფრო 70-იანი წლებიდან ჩანს, როცა ,,ნაპერწკალმა” კვირაში სამჯერ იწყო გამოსვლა. სპორტულ თემას აშუქებდნენ შტატგარეშე კორესპონდენტები:

ქვედა ჩხოროწყუელები ნოდარ ჟვანია და გიგლა კვირკველია, ლესიჭინელი ამირან სიჭინავა, ჩხოროწყუელი ტარიელ ლემონჯავა, ლევან ყურაშვილი, ხაბუმელი_გრიშა ჯალაღონია, ზუმელი_ჯანიკო ბასილაძე და სხვ.

სპორტულ თემაზე ხშირად წერდა ბატონი ტიტე შელია, რომლის რედაქტორობის პერიოდში მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული გაზეთში სპორტულ თემატიკას. უფრო მოგვიანებით, როცა ბატონი ტიტე უკვე პენსიაზე იყო გასული და ტელეკომპანია ,,კოლხეთი 89″-ში ინფორმაციის რედაქტორად მუშაობდა, ვრცელი გადაცემა მოაწყო 50-იანი წლების ფეხბურთელებზე სათაურით ,,ჰა-ბურთი, ჰა-მოედანი”, რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს ინტერესი.

აქტიურ სპორტულ ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწევა ჩვენი რაიონის შვილი ბატონი გიგლა გობეჩია, რომელიც ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებიდან იყო დაინტერესებული ამ თემით. როცა ,,ახალგაზრდა ივერიელის” რედაქტორის მოადგილე გახდა, თავად კურირებდა სპორტული თემატიკის გაშუქებას გაზეთში. არის არა ერთი აქტუალური წერილის ავტორი. რედაქტორობდა გზეთ ,,ლელოს” დამატება_,,მერანს” და ჭადრაკის

თემატიკას აშუქებდა. მის ფურცლებზე არა ერთხელ გაშუქებულა ჩვენი რაიონის მოჭადრაკეთა მიღწევები, ვრცელი ნარკვევი მიუძღვნა ტარიელ ლემონჯავას, როგორც მწვრთნელსა და სპორტსმენს, რომელიც ბევრჯერ ყოფილა საერთაშორისო თუ საკავშირო შეჯიბრების მონაწილე. ბატონი გიგლა დღეს სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობითაა დაკავებული, მაგრამ აქტუალურ თემებს გვერდს არ უვლის.

ნიშანდობლივია რაიონულ გაზეთ ,,ნაპერწკალში” გამოქვეყნებული ჟურნალისტ კოტე უბირიას არაერთი საინტერესო სტატია, რომელმაც ,,სოფლის ცხოვრებაში” გადასვლის შემდეგაც გააგრძელა ამ თემაზე მუშაობა.

ჟურნალისტი ზაურ ნაჭყებია აქტიურად იყო ჩართული სპორტულ ცხოვრებაში, როცა ის გაზეთ “ნაპერწკალში” მუშაობდა. მას ბევრჯერ გაუშუქებია “სამეგრელოს” მატჩები, სხვა სპორტული ღონისძიებები.

როგორც თავში აღვნიშნე, წლების განმავლობაში ვიყავი რაიონული გაზეთ ,,ნაპერწკლის” განყოფილების გამგე და ვხელმძღვანელობდი სპორტული თემატიკას, ხოლო 1986 წლის სექტემბერში დავინიშნე გაზეთ ,,ლელოს“ საკუთარ კორესპონდენტად

სამეგრელოს რეგიონში და ვაშუქებდი რაიონის სპორტულ ცხოვრებას უკვე რესპუბლიკურ გაზეთში.

„შტაბბინა” მქონდა ყოფილი რაიაღმასკომის შენობაში, რომლის

დასტურად მომყავს გაზეთ ,,ლელოში” გამოქვეყნებული

ინფორმაცია:

გაიხსნა ,,ლელოს” საკორესპონდენტო პუნქტი

გაიხსნა ,,ლელოს” ახალი ზონალური საკორესპონდენტო პუნქტი. პუნქტის სამომსახურო ზონაში შედის ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხის, აბაშის, ცხაკაიას, გეგეჭკორის, ჩხოროწყუს რაიონები, ქალაქი ზუგდიდი.

პუნქტის მისამართია: ჩხოროწყუ, სტალინის 5 (რაიაღმასკომის შენობა)

ტელ.2-24-66. ზონალური კორესპონდენტია ჟურნალისტი ნუგზარ ჟვანია.

,,ლელოს” რედაქცია მადლობას მოახსენებს ჩხოროწყუს რაიონის ხელმძღვანელობას საკორესპონდენტო პუნქტის გახსნაში გაწეული პრაქტიკული დახმარებისათვის. გაზეთი ,,ლელო”, 27 აგვისტო, 1988 წ.

You may also like

ჩხოროწყუს ციფრული არივი

პროექტი ხორციელდება "საქართველოს რეგიონების სამოქალაქო სივრცის" და ჩხოროწყუს მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით.