Home ჩხოროწყუს ძველი ისტორიებისპორტის მატიანე ნუგზარ ჟვანია-ლაშა გახარიას სპორტული ცხოვრების ზოგიერთი დეტალები

ნუგზარ ჟვანია-ლაშა გახარიას სპორტული ცხოვრების ზოგიერთი დეტალები

by chkhorotskuge

სასიქადულო პოეტის, ლაშა გახარიას ბიოგრაფიის ყველა დეტალი ცნობილია, მაგრამ, რატომღაც, ყველა თავს არიდებს იმ წელს, როცა იგი ჩვენი რაიონის გამგებლის პირველ მოადგილედ მუშაობდა. ეგონათ მისთვის შეუფერებელ საქმეს აკეთებდა, სინამდვილეში აქაც შეძლო თავისი ჰუმანური სულისკვეთების რეალიზება. ჩვენ, სპორტულ მუშაკებსაც მოგვხედა და გვახსოვს მისი უანგარო დახმარება.

ლაშა გახარია

დავიწყოთ თავიდან. 1994 წელი იყო,

სამოქალაქო ომი ჯერ კიდევ არ იყო ჩამცხრალი. თუ თბილისში აღდგენითი სამუშაოები დაწყებული იყო, სამეგრელოში კვლავ ბოგინობდნენ დესტრუქციული ძალები, კვლავ საზიზღარი დანაშაულობები ხდებოდა ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში, მტყუან-მართლის გარჩევა ჭირდა, როგორც იტყვიან: ძაღლი პატრონს არ ცნობდა.

პარლამენტი ,,იმელში” იყო გადატანილი, რადგან საკანონმდებლო ორგანოს ძირითადი შენობა სამოქალაქო ომის გამო გაპარტახებული იყო დს აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. სწორედ აქ, ,,იმელის” წინ, შემთხვევით შევხვდით ლაშა გახარიას მისი მეგობრები, ჟურნალისტები მე, ელგუჯა ბერიშვილი და თამაზ მიგრიაული, სამივე ,,ლელოელები.”ლაშა, ელგუჯასა და თამაზს დიდ პატივს სცემდა, როგორც ნიჭიერ ჟურნალისტებს. ახლო ურთიერთობა ჰქონდა, არა ერთხელ უთქვამს მათზე საქებარი სიტყვები. ლაშამ აქ გვითხრა, რომ აპირებდა ჩხოროწყუში გამგებლის პირველ მოადგილედ მუშაობას და პრეზიდენტისაგან ბრძანების ხელმოწერას ელოდებოდა. გაგვიკვირდა მისი უცნაური გადაწვეტილება და გულწრფელად ვურჩიეთ არ გადაედგა ასეთი ნაბიჯი, რადგან მთელ სამეგრელოში განუკითხაობა მძვინვარედა და მას არ შეეძლო აღდგომოდა წინ საშინელ უსამართლობას, არ დაეკარგა ძვირფასი დრო ქარის წისქვილთან ბრძოლაში მაშინ, როცა საკუთარი შემოქმედება უფრო ძვირფასი იყო და მისთვის მიექცია მეტი ყურადღება. მან არ დაიჯერა ჩვენი რჩევა. მისეული უკმეხოფით, გვიპასუხა: ,,თქვენ არ გიყვართ სამეგრელო, არ იცით რა სჭირდება ჩვენს კუთხეს, ახლა შინ ჯდომა, ან თბილისში ყოფნა კი არა რის საქმე, არამედ იქ უნდა ვიყოთ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით ჩვენს ხალხს. მე ვიცი, რასაც ვაკეთებ.” კამათს აზრი არ ჰქონდა. კარგად ვიცოდით მისი ხასიათი. რასაც იტყოდა გააკეთებდა კიდეც.

ერთ კვირაში ჩხოროწყუში ჩამოვიდა და ახალ ამპლუაში შეუდგა მუშაობას. მახსოვს კაბინეტში უამრავი გაჭირვებული, მათხოვარი, უპოვარი რომ ეხვია თავს. ყველა დახმარებას, შველას ითხოვდა. იჯდა ლაშა მათ შორის, ფანჯრისკენ მიქცეული, გრძელი ფეხები ერთმანეთზე გადაწყობილი, იდაყვით მუხლზე დაყრდნობილი, თითებს შორის იაფ ფასიანი სიგარეტ გაჩრილი, შორს, უსასრულობაში მზირალი თვალებით და ფიქრობდა, როგორ ეშველა ამ ადამიანებისთვის.

შემდეგ ტელეფონს ეცემოდა (სად იყო მაშინ მობილური ტელეფონი) და რესპუბლიკის ქალაქებს უკავშირდებოდა, სადაც კი მეგობარი ეგულებოდა, ვისაც შეეძლო დახმარება. გვიან ღამით მიდიოდა შინ, ხშირად მუხურში ასვლასაც ვერ ახერხებდა და ნათესავებთან ან მეგობრებთან იძინებდა.

ამ დროს საფეხბურთო კლუბ ,,სამეგრელოს” პრეზიდენტი ვიყავი. ფეხბურთელებზე ხელფასის გაცემა გაგვიძნელდა. დაგვიგროვდა ვალი, რომლის გასტუმრების არავითარი შანსი არ ჩანდა. უკმაყოფილება იზრდებოდა და შედეგზეც ახდენდა გავლენას. პრობლემებზე ლაშას კერძო საუბრის დროს მოვუყევი არა დახმარების მიზნით, არამედ სასხვათაშორისოდ, მაინც რომ სცოდნოდა რაიონის ხელმძღვანელს გუნდში არსებული ვითარება. ერთ დღეს ლაშა მირეკავს და მთავაზობს ფეხბურთელების გასტუმრების მისეულ ვარიანტს,

რომელსაც უსიტყვოდ დავთანხმდი. იგი მპირდებოდა 10 ტონა პურის ფქვილს, რომლის რეალიზებით შეიძლებოდა ფეხბურთელების გასტუმრება. მეორე დღეს წავედით ფოთში. ქალაქის მერს რომან მელიას, შესანიშნავ პიროვნებას, კიბეებზე შევხვდით. მათ გადაკოცნეს ერთმანეთი, ხელი-ხელ გაყრილები ჩამოვიდნენ და ჩვენი მანქანის „კაპოტზე” ქალაქის თავმა მომარ- თვას დადებითი რეზოლუცია დაადო (მაშინ მერის ვიზის გარეშე ფქვილის გაცემა შეუძლებელი იყო).

ფქვილი ჩამოვიტანეთ და სავაჭრო ობიექტის მეშვეობით რეალიზაცია გავუკეთეთ. ლაშამ დამირეკა და მთხოვა 1 ტონა ფქვილი მისთვის გამეგზავნა. ვიფიქრე, ცოტას ისარგებლებს-მეთქი. კაცი გამომიგზავნა და 1 ტონა ფქვილი გავატანე. მეორე თუ მესამე დღეს მისი ძმა ელგუჯა ვნახე ბაზარში ფქვილს ყიდულობდა. გამიკვირდა. ,,ფქვილი კი არა ღამე ძლივს მოდის სახლში.

მაგის მოტანილი არაფერი მინახავსო”—მითხრა ელგუჯამ. იმ წლებში ჩვენს ქალაქში ცხოვრობდა ერთი უპოვარი ქალი, ,,შოშიას” ვეძახდით, ლექსებსაც თხზავდა, ფუნაგორიები ეხერხებოდა. დადიოდა ქუჩებში და შემხვედრებს ასეთ ლექსს ეუბნებოდა:

მთავრობაქ ქუმომშქვეს (მთავრობამ გამომოგვიგზავნა

ჯგირი კოჩი გახარია, კარგი კაცი გახარია,

ირკოჩიში მინჯე ორე ყველას პატრონი არის

იში გური გამხარია. მისი გული გამიხარე)

როგორც შემდეგ გავიგე, სწორედ ასეთ გაჭირვებულებზე დაერიგებინა ის ფქვილი და შინ არაფერი მიეტანა. მაშინ მივხდი, თუ რატომ მოუწევდა გული მშობლიური რაიონისაკენ დიდ პოეტს.

ტკბილ მოგონებად მრჩება სენაკში ნონა გაფრინდაშვილთან შეხვედრა. ჩვენი სახელოვანი

მოჭადრაკე მაშინ რესპუბლიკის ოლიმპიურ კომიტეტს ხელმძღვანელობდა და რეგიონალურ ორგანიზაციას სენაკში ხსნიდა. ჩვენი რაიონიდან ვესწრებოდით მე, ამირან ჯალაღონია და ლაშა გახარია. ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ

რაიონის გამგებელმა ტარიელ დგებუაძემ ბანკეტზე მიგვიწვია. თითოეული ჩვენგანისათვის ძვირფასი იყო ქალბატონ ნონასთან შეხვედრა, რომელიც ჩვეული ენაწყლიანობითსაუბრობდა საჭადრაკო სამყაროში მომხდარ საინტერესო ფაქტებზე, პირადისპორტული ცხოვრების ეპიზოდებზე. დიდხანს ვუსმენდით ამ ლეგენდარულ

პიროვნებას და ალბათ არც მოგვწყინდებოდა რომ არა ლაშა. ახლა ჩვენმა სასიქადულო პოეტმა იწყო თავისი შედევრების კითხვა (ლაშა თავის ლექსებს ყველაზე კარგად კითხულობდა). აღტაცებას ვერ მალავდნენ მისი მეგრული თუ ქართული ლექსებით სუფრის წევრები, განსაკუთრებით აღფრთოვანებული ბრძანებოდა ქალბატონი ნონა, რომელიც ეხვეწებოდა კიდევ მეტი ლექსი წაეკითხა, განსაკუთრებით მეგრული ლექსები მოსწონდა, რომელიც მას კარგად ესმოდა. დიდმა პოეტმა დიდი მოჭადრაკე მუხურში დაპატიჟა და მეგრულ მასპინძლობას დაჰპირდა მამა-პაპეულ კერიაზე. ნონა ყაბულს იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მოვლენები სულ სხვანაირად წარიმართა _ ლაშას ერთად ერთი ვაჟიშვილი გარდაეცვალა, შემდეგ თავად დასნეულდა განუკურნებელი სენით… ცხადია, შეხვედრა ვერ შედგა.

ჭიათურაში გასვლაზე ლაშაც გამოგვყვა, იმერელი მეგობრები არ დამაღალატებენ და ქულას მაინც მოგვცემენო. მგზავრობის სპონსორი ბუტიკო მიქაია მეუღლესთან ერთად ნათესავების მოსაკითხად ჩვენთან ერთად მოდიოდა. მათი დიალოგი საოცარ მხიარულ განწყობას გვანიჭებდა. ლაშამ ფუნაგორიები უძღვნა მეგობარს, რომელიც შემდეგ ზეპირად გავრცელდა და ყველას ახალისებდა. ავტობუსში პოეტმა ღრმა ცოდნა გამოამჟღავნა როგორც ქართული, ისე მსოფლიო ფეხბურთისადმი, სპორტის სხვა სახეობისადმი. ბორის უბირია, ერემია ციმაკურიძე, მამუკა ქვილითაია და სხვები ეკითხებოდნენ ისეთ წვრილმან ნიუანსებზე როგორიცაა: თუ ვისი გადაცემით, როდის და რომელ წუთზე გაიტანა გოლი პელემ 1968 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რამდენი გოლი აქვს გატანილი მარადონას, როგორ დაიწყო თამაში ყიფიანმა, ადრე რატომ დაანება

თავი თამაშს მესხმა, რატომ თამაშობდა მოსკოვში მეტრეველი, ვინ იყო ნოდარ ახალკაცი და სხვ. იმდენად ამომწურავი პასუხი მიიღეს ჩვენმა ფეხბურთელებმა, რომ დღესაც უკვირთ ბიჭებს ამდენი წვრილმანის დამახსოვრება

როგორ შეძლო ამ დიდმა პიროვნებამ. თამაში 0:1 წავაგეთ. იმერელმა მეგობრებმა ლაშა დაგვითვრეს, ქულა კი არ დაგვითმეს. ფეხბურთში ასე მარტივად არ ხდება ქულის მიცემა, რაც მის კომპეტენციაში ნამდვილად არ შედიოდა, თანაც ჩვენ ისეთი არ გვიჭირდა,

1ქულა რომ გვეთხოვა. მას კი სურვილი ჰქონდა დაგვხმარებოდა და თავისი

პოზიცია დაეფიქსირებინა, რადგან მალე დატოვა ჩხოროწყუ და ისევ თბილისს

დაუბრუნდა, თუმცა დროის მცირე მონაკვეთში ყველას შეაყვარა თავი.

თანაკლასელები იხსენებენ ლაშას სპორტულ გატაცებას. მას ძალიან უყვარდა ჭიდაობა, ფრენბურთი, ფეხბურთი, მძლეოსნობა, ფეხით მოვლილი ჰქონდა ლაკადის მთები, ჭიუხები, თევზაობდა ხობისწყალზე, ნადირობდა, თუმცა მისი ნანადირევი არავის უნახავს.

ფალავანი იყო ,,მენჩურუაში”, კარგად თამაშობდა ჭადრაკს, ნარდს, ბევრჯერ უჩხუბია ბავშვური გატაცებით და შინ დახეული პერანგით მოსულა, მაგრამ მტრობა და ღვარძლი მისგან შორს იყო.

ალბათ, სპორტისადმი სიყვარულმა მისცა ბგი მეუღლედ შესანიშნავი სპორტსმენი, დიდოსტატი სპორტულ აკრობატიკაში, საკავშირო და ევრო ტურნირებში არა ერთხელ გამარჯვებული როზა ბერიკაშვილი რომ შეარჩია. მათი სიყვარულის ისტორია ცალკე თემაა, მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნო ქალბატონ როზას დიდი დამსახურება მეუღლის მიმართ, რომელიც სტიმულს აძლევდა რაც შეიძლება მეტი ემუშავა საკუთარ შემოქმედებაზე, ხოლო სიცოცხლის შემდგომ დღენიადაგ ზრუნავს მისი შემოქმედების პოპულარიზაციაზე.

***

ახლა ცნობილი ჟურნალისტის ოლეგ გველესიანის მოგონება წავიკითხოთ,

რომელიც ლაშას ხსოვნისადმი მიძღვნილ სპეც გაზეთ ,,წაშლილ ღამე- ში” დაიბეჭდა:

,,იდგა 1981 წლის აპრილი. მე მაშინ თბილისის ,,დინამოს” სტადიონზე ფეხბურთის მატჩის პროგრამებს ვადგენდი. იყო ქართული ფეხბურთის აღმავლობის პერიოდი… ,,დინამო” წინ და წინ მიიწევდა. 1981 წლის ევროპის ქვეყნების  თასების მფლობელთა თასის ნახევარ ფინალშიც გავედით…

მინდა რაღაცით განსხვავებული ორი გვერდი მაინც ჩავსვა პროგრამაში. ვფიქრობ ჩემთვის. ხან რა მოვიფიქრე და ხან რა. მეგობრული შარჟი შეიძლებოდა

მეთხოვა გიგლა ფირცხალავასთვის, მაგრამ ეს უკვე მქონდა რამდენჯერმე გაკეთებული. ლაშა აწრიალებულს რომ მხედავს ,,გინდა ფეხბურთზე ფუნაგორიები გავაკეთო?” _ მეკითხება. ,,როგორ? … დღესვე ჩავუშვათ სტამბაში, დაიბეჭდოს და ხვალ უკვე უნდა გავიტანოთ ქალაქში”. -,,შენ რა გინდა

მითხარი. ჩადი სტამბაში, როცა სხვა საქმეს მორჩე, ორ გვერდზე თერთმეტ ფეხბურთელზე მე დაგიწერ სალაღობო ლექსებს”. ,,დღესვე დაწერილი რა  უნდა იყოს-მეთქი,” -გავიფიქრე გულში, მაინც მჯეროდა…

ცოტა ხანში რედაქტორი ჯემალ ნინუა მეძახის ,,რას შვრებით? დაიწყეთ თუ არა ბეჭდვა?”. ,,ლაშას ველოდები, ფუნაგორიებს წერს-მეთქი”. ,,ბიჭო, რა დროს ლაშაა?! ბორის პაიჭაძე რეკავს. საწრაფოდ პროგრამის ანაწყობი მაკეტი ცეკაში უნდა აჩვენოსო”.

ლაშასთან მივვარდი, რაც დაეწერა სასწრაფოდ ხელიდან გამოვგლიჯე. ,მოიცა შე შეჩვენებულო რა ცეცხლი გინთია?! მეთერთმეტე კაცზე მაქვს დასაწერი”.- ,, არ დავეძებ, იყოს, გვეჩქარება! ხვალ შეიძლება თერთმეტმა კი არა თოთხმეტმა კაცმაც ითამაშოს!”-თქო. ამ ფუნაგორიებს სალაღობო დავარქვით,

რომელიც თბილისის დინამოელთა ფეხბურთელებს ვუძღვენით. თავისი სახელი და გვარიც არ მიგვიწერია, ,,საჭირო არ არისო”.

1981 წლის 8 აპრილი… გადაჭედილი 80 ათასიანი დინამო სტადიონი კითხულობდა ლაშა გახარიას ლექსებს, რომელიც პირველად გაკეთდა საფეხბურთო პრესის ისტორიაში.

ს ა ლ ა ღ ო ბ ო

თბილისის ,,დინამოს” ფეხბურთელებს

ოთარ გაბელიას

ირაკლისებურად

მე _ მეკარე გაბელია

კვლავ “დინამოს” კართან ვდგავარ,

ხომ გავუძელ, ხომ დავუძვერ

ინგლისელთა შემოტევას?!

პენალტიც ხომ ამიღია,

(გეხსომებათ, ალბათ დიდხანს!)

ახლაც ზოგ ბურთს მე დავიჭერ,

ზოგსაც… მცველი გამოიტანს.

თამაზ კოსტავას

მრისხანე თავდამსხმელები

ლამის მცველებად აქცია!

ჩვენც ვეღარ გაგვირჩევია:

კოსტავაა, თუ კალცია?!

ის რომ გვყოლოდა, ჰამბურგსაც

შეერიეოდა აქცია!

თენგიზ სულაქველიძეს

ფეხსარმიანი, სუსტთა და

ტანო ტატანოთ გამტანო!

დინამოს საჯარიმოსთან

მსაჯიც არ გააჭაჭანო!..

დავით ყიფიანს

“დინამოს” დირიჟორი ხარ

გვიღირხარ ათას პ-ლ-ა-ტ-ი-ნ-ა-დ

(თუმცა მუმიოს მალამო,

არ იშოვება ადვილად)

თვით ტუტანჰამონს მოგართმევთ,

თუ ვინმემ მუხლი გატკინა!..

ალექსანდრე ჩივაძეს

ჯანსუღისებურად

უნდა შენიც დაიცვა და

სხვის კარადაც გაიკარო…

შუბლით უნდა გაიტანი

თავით უნდა გაიტანო!

მკერდით უნდა გაიტანო!

შიში აღარ გაიკარო,

ვაჟკაცურად აიტანო _

კაპიტანო!

შოთა ხინჩეგაშვილს

რაც შენით გუნდი დამშვენდა _

გლდანის მასივიც გაშენდა!

ცოტა ტრამვები დაგჩემდა…

მაინც შენ ფარობ ფარადა!

მტერს და მოყვარეს არჩევ და…

ეს არის შენი დიდგორი,

ეს არის შენი მარაბდა!..

ვიტალი დარასელიას

გოლის გატანა ხომ იცი

კი ვიცი, ჩემო ვიტალი

მაგრამ რას იზამ,

თუ მწვრთნელმა

არ გამოწერა “ქვითარი”

ასეა, ძმაო,

ზოგი “9”-ით

და ზოგი კიდევ “8”-ით არი…

ზაურ სვანაძეს

არა, ძმობილო

ახლა ფეხბურთი

ადრე რომ იყო

მასე როდია…

როცა ზოგ-ზოგი

მობურთავენი

მსაჯის საათსა დასჩერებიან,

შენ გჯეროდიან,

თავად ანგლონიც

გაჰკვიროდიან!..

ვლადიმერ გუცაევს

ზოგი ტექნიკურად გაქცევს,

ზოგი, მართლა, ნამეტანობს…

მოდი, ახლა სხვას უსარმონ,

შენ პენალტი გაგეტანოს!

რამაზ შენგელიას

სიზმრად ვნახე: ვერცხლის თასი

ხელთ გეჭირა, როგორც ხვთისო, _

დაცალე და ჩაიხედე:

იქაც დათოს პასი იდო!..

ის მატჩი 3:0 მოვიგეთ… ქუხდა სტადიონი… ზეიმობდა თბილისი… იმ მოზეიმე-

თა შორის გარკვევით ვხედავდი ბედნიერ ლაშას.

ოლეგ გველესიანი

You may also like

ჩხოროწყუს ციფრული არივი

პროექტი ხორციელდება "საქართველოს რეგიონების სამოქალაქო სივრცის" და ჩხოროწყუს მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით.